ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა

ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა, – ინფორმაციას ერთიანი აგროპროექტი ავრცელებს.

„შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა“, – ნათქვამია ერთიანი აგროპროექტის ინფორმაციაში.

შპს „გლენბერში“ წარმოების პროცესის გასაცნობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„შპს „გლენბერი“ ერთერთია იმ საწარმოთა შორის, რომლის მაგალითზეც შეგვიძლია, ვთქვათ, განვითარების როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოში სოფლის მეურნეობას და როგორ აისახება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფერმერებზე. აღნიშნული საწარმო უკვე მეორე წელია, საერთაშორისო ბაზრებს აწვდის მათ მიერ წარმოებულ მრავალფეროვან პროდუქციას“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი საწარმოების არსებობა.

„2018 წლიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, ხუთ მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი – თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია. სამაცივრე კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრე კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. შპს „გლენბერიში“ 150 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22 000. მიმდინარე წელს კომპანიის მფლობელებმა ხუთ ჰა-ზე ბროკოლისა და 11 ჰა-ზე მარწყვის პლანტაციაც გააშენეს. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის“, – აღნიშნულია ერთიანი აგროპროექტის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები