კახა კალაძე: კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა, ტარიფის მატების გარეშე შეისყიდოს მიკროავტობუსები და ამას აკეთებს მუნიციპალიტეტი

“მიკროავტობუსების კომპანიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ტარიფის მატების გარეშე მოახერხოს მიკროავტობუსების შესყიდვა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას – რატომ ყიდულობს მერია კერძო კომპანიისთვის მიკროავტობუსებს.

კალაძის განცხადებით, ტრანსპორტის განახლება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„ამის საფუძველი არის ის, რომ გამოიცვალოს ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იყენებს მას. ტრანსპორტის განახლება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. თქვენ იცით, რომ კომპანიას არ აქვს იმის შესაძლებლობა,  ტარიფის მატების გარეშე მოახერხოს ავტობუსების შესყიდვა და, შესაბამისად, ამას აკეთებს მუნიციპალიტეტი. 2021-2022 წლებში კომპანიას ვალდებულება აქვს, გამოისყიდოს ეს მიკროავტობუსები. ჩვენი პრიორიტეტი არის მიკროავტობუსების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მეტროს რეაბილიტაცია, ახალი ავტობუსების შემოყვანა. ჩემთვის პირადად არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და, შესაბამისად, ადამიანებისთვის კომფორტული მგზავრობა და ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები