ნინო წილოსანი: ვგეგმავთ, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება „მწვანე ბიუჯეტის პროექტი”

„მწვანე ბიუჯეტის პროექტის” სამუშაო ჯგუფის ექსპერტებთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პირველი შეხვედრა გამართა.

როგორც ნინო წილოსანმა განმარტა, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, კომიტეტის ფარგლებში გაანალიზდეს 2019 წლის ბიუჯეტი და მომზადდეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება, 2021 წლის ბიუჯეტი გახდეს უფრო მწვანე.

„ეს გულისხმობს ყველა იმ აღებული ვალდებულებებიდან, ახალი მიღებული კანონმდებლობებიდან და ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე ბიუჯეტში რეფორმების უმნიშვნელოვანესი ნაწილის გათვალისწინებას როგორც სამინისტროების სტრუქტურული ნაწილების გაძლიერების, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ როგორც კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე აღებული ვალდებულებების გათვალისწინება მოხდეს პროგრამებში და სტრუქტურულად გაძლიერდეს სამინისტრო, ასევე, სხვადასხვა პროგრამაში გათვალისწინებული იყოს ეკოლოგიის საკითხები – ეს იქნება ნარჩენების მართვა, გადამამუშავებელი ნარჩენების მართვა, მეორადი გადამუშავებული პროდუქტების მიღება და ასეთი მსგავსი წარმოებების ხელშეწყობა, სახელმწიფოს მხრიდან კარგად აღსრულება იმ კანონმდებლობებისა, რომლევიც თუნდაც ახლახან მივიღეთ და ეს არის „ტყის კოდექსი”, „აკვაკულტურის შესახებ” კანონი და სხვა. ვგეგმავთ, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება „მწვანე ბიუჯეტის პროექტი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი განმარტებით, ეს არის საკმაოდ კვალიფიციური და მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ყველა მონაწილე მხარესთან განიხილება და, საბოლოოდ, კომიტეტში დარჩება საკმაოდ ხელშესახები რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც სასურველი იქნება შემდგომი ბიუჯეტების განხილვისას. როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს დოკუმენტი არ მზადდება ერთი კონკრეტული წლის ბიუჯეტისთვის, არამედ გათვლილია გრძელვადიან პერსოექტივაზე. „რამდენიმეწლიანი სამუშაო რეჟიმისთვის საკმაოდ კარგი დამხმარე დოკუმენტი მუშავდება, რომელიც კომიტეტსა და პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების კუთხით ხელს შეუწყობს, რომ კომპეტენტური ოპონირება გაუწიოს პარლამენტში განსახილველად შემოსულ ბიუჯეტს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დღეს დოკუმენტის პირველადი ვერსიის გაცნობა მოხდა და, საბოლოოდ, სრულყოფილად ის მზად რამდენიმე კვირაში იქნება.

„მწვანე ბიუჯეტის პროექტის” სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წევრების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისა და დარგის სპეციალისტების შემადგენლობით მარტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივითა და ორგანიზაცია „სენის” მხარდაჭერით, კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები