“ანა დოლიძე საქართველოს კანონმდებლობას არღვევდა, მისი გადაწყვეტილება იყო სწორი, თუმცა – დაგვიანებული”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე ანა დოლიძის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას.
მიქაუტაძის თქმით, ანა დოლიძემ სასამართლო სისტემა დააზიანა.
„ჩვენ არა მხოლოდ ბოლო თვეები, არამედ ბოლო რამდენიმე წელია, ვსაუბრობთ, რომ ის აშკარად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო აქტიურ პოლიტიკაში. სასამართლო რეფორმის ე.წ. პირველი ტალღის მონაპოვარი იყო, როდესაც პოლიტიკოსები სასამართლო სისტემიდან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გაიყვანეს. სწორედ ამიტომ, ანა დოლიძის გადაწყვეტილება იყო სწორი, თუმცა – დაგვიანებული. მან მაინც დააზიანა სასამართლო სისტემა – ჩვენ გვყავდა საბჭოს წევრი, რომელიც, ამავდროულად, აქტიური პოლიტიკით იყო დაკავებული”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ცნობისთვის, ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს დატოვა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის.