გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის დებატებზე რუსეთის მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება და გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება დაგმეს

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, სადაც ასევე დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან” მიღება, გაიმართა გენერალური დებატები, რა დროსაც გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ევროკავშირის, ბულგარეთის, უკრაინის, ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და საბერძნეთის მხრიდან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, დელეგაციები მიესალმნენ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს.

“მათ შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში COVID-19 პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მძიმე მდგომარეობაზე. კერძოდ, დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება და გადაადგილების თავისუფლებაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება. გამომსვლელებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების დარღვევებსა და შეზღუდვებთან დაკავშირებით, რაც, მათი შეფასებით, ხელს უშლის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში შემდგომი ხელშესახები პროგრესის მიღწევას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე, მათ შორის, ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შემთხვევებზე, რაც განსაკუთრებით COVID-19-ის კონტექსტში კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფას, უარყოფით გავლენას ახდენს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უფლებებზე.

ამასთან, გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესვლის საჭიროებისა და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაუყოვნებელი და უპირობო დაშვება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

დელეგაციები მიესალმნენ საბჭოს 43-ე სესიის დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს მიერ ყოველწლიური რეზოლუციის “თანამშრომლობა საქართველოსთან” ინიცირებას და დაადასტურეს რეზოლუციის მხარდაჭერა დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში კენჭი ეყრება აღნიშნულ რეზოლუციას. საბჭოს ვიდეოკონფერენციის ფარგლებში სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის აღმართვის განგრძობითი პროცესზე. აღნიშნული რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება და იგი ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას. აღსანიშნავია, რომ, COVID-19 პანდემიის გამო, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა”, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები