თამარ ჩუგოშვილი: მეორე და მესამე მოსმენაზე იქნება სერიოზული რისკები, ამიტომ, ყველას აქვს ვალდებულება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით განხილვაზე იქნება საფრთხე, რომ ცვლილებები ჩავარდეს.

მისივე თქმით, არსებობს რისკი, რომ აღნიშნული ცვლილებების საკითხი ბოლომდე ვერ მივიდეს, ამიტომ ყველას აქვს ვალდებულება, რომ ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

„ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და მნიშვნელოვანი წუთები, რომ პირველი მოსმენით მაინც ეს ცვლილებები გავიდა. ჩვენ ძალიან ბევრი დავთმეთ და გადავიტანეთ იმისთვის, რომ ეს შედეგები მიგვეღო იმიტომ, რომ საარჩევნო სისტემა არის ქვეყნის მართვის ფორმა. ამ ქვეყანას მართვის მახინჯი ფორმა აქვს უკვე 10 წელზე მეტია და ეს ფორმები უნდა შეიცვალოს. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, რომ უკეთ იმართებოდეს. ამიტომ, მე რატომ დავუჭირე მხარი, ეს კითხვა ჩემთვის უცნაურიც კია, იმიტომ, რომ მე ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ ამ საარჩევნო სისტემის შეცვლის დიდი ხანია, ყოველთვის, ყველა ეტაპზე, რომელიც უფრო დაბალანსებული და დემოკრატიული სახელმწიფოს შეცვლის შესაძლებლობას მოგვცემს, არის ჩემთვის მთავარი ადვოკატირების საკითხი და ჩემთვის ეს შედეგებიც იყო მნიშვნელოვანი. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა პარტიებს, ვფიქრობ, რომ ყველა, ვისაც აქვს დეპუტატის მანდატი და შეუძლია მწვანე ღილაკს ხელი მიაჭიროს, როდესაც ეს საკითხი, აქვს ასევე ვალდებულება, რომ ამ საკითხს მხარი დაუჭიროს, მით უმეტეს ის პარტიები, რომლებიც თავად საუბრობენ დღეს არსებული საარჩევნო სისტემის მანკიერებაზე.

მეორე და მესამე მოსმენაზე იქნება სერიოზული რისკები. გაჩნდება საფრთხე, რომ ცვლილებები ჩავარდეს და საქმე ბოლომდე ვერ მივიდეს, ამიტომ, მგონია, ყველას აქვს ვალდებულება, რომ ამ ცვლილებებში მიიღოს მონაწილეობა. კარგია, რომ დღეს ასეთი საფრთხე არ შეექმნა ამ საკითხს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები