დავით ჭიჭინაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება
“ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება.
ჯერ ერთი გაუგებარია როგორ უნდა აჯობოს 30 მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის „ვაჭრობა“, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ცვლილება ხალხის პირობის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს.
„2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, გასაგებიც იყო და აუცილებელიც! მაგრამ ეს რაღაც შუალედური არგუმენტები, დაუსრულებელი ვაჭრობა, სრულიად გაუგებარია. თანაც რა გამოდის, მთელი ამდენი ე.წ. ცვლილება, რომლითაც ასე ამაყობდა „ქართული ოცნება“, თუნდაც 2017 წლის ცვლილებები, ტყუილა ჩატარდა?
როდის ვიტყუებოდით, მაშინ, თუ ახლა?!
მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და მათთვის ადგილების მიღების გარანტი.
ამიტომ არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.