“რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები, რადიკალური ოპოზიცია მათ შორის, ხელს გვიწყობენ კიდევ უფრო მყარ გამარჯვებაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან „ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ შემთხვევაში, „პირველ ტურში დამთავრდება ყველაფერი”.
„ჩემთვის არანაირ მიზანს არ წამოადგენს ცინიზმი და არ შეიძლება, რომ უდიერად ან უპატივცემულოდ მოეპყრო შენს თუნდაც ყველაზე სუსტ კონკურენტს, თუმცა რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები, რადიკალური ოპოზიცია მათ შორის, ხელს გვიწყობენ კიდევ უფრო მყარ გამარჯვებაში, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ახმოვანებენ. პიროვნულად არ მიიღოს არცერთმა, უფრო მეტად საუბარი მაქვს საერთო კანდიდატებზე, რა შემთხვევაშიც წარმატების საფუძველი ისიც იქნება, რომ პირველ ტურში დამთავრდება ყველაფერი, როდესაც ისინი საერთო კანდიდატს დაუჭერენ მხარს”, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილმა თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა: ვაკეში – ელენე ხოშტარია, გლდანში – ნიკა მელია, ისანში – გიორგი ვაშაძე, სამგორში – ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე, ხოლო ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი.