მამუკა მდინარაძე: რისკი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა დეპუტატების ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღოს, ნულამდეა დაყვანილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რისკი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა დეპუტატების ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღოს, ნულამდეა დაყვანილი.

ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებს დამოუკიდებელ დეპუტატებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ და საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ შეექმნება.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ კომუნიკაცია იყო სხვადასხვა დეპუტატთან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, კვლავ იმავე აზრზე არიან და ეს გვაძლევს თამამი განცხადების გაკეთების საფუძველს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შეექმნება არანაირი საფრთხე. „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, ჩვენ ვიცით რამდენიმე დეპუტატი, რომელიც ამ შემთხვევაში დათვლაში არ გვყავს შეყვანილი და მინიმუმ 116-117 ხმა უნდა ჰქონდეს მხარდაჭერის სახით კონსტიტუციურ პროექტს. რისკი არის ნულზე დაყვანილი. სიურპრიზები არ უნდა იყოს, თუ სიურპრიზი არ შემოგვთავაზეს ჩვენმა ოპონენტებმა, ჩვენი მხრიდან არანაირი სიურპრიზი არ იქნება, ეს შემიძლია, დაბეჯითებით და გარანტირებულად გითხრათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები