ბოლტონი: ტრამპმა ჩინეთის ლიდერს არჩევნებზე მისი შანსების გაზრდაზე გავლენის მოხდენა სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს აშშ-დან ფერმერული პროდუქციის ყიდვით არჩევნებზე მისი შანსების გაზრდაზე გავლენის მოხდენა სთხოვა.

გარდა ამისა, ბოლტონის თქმით, ტრამპი უიგურების წინააღმდეგ ჩინეთის რეპრესიულ პოლიტიკას მხარს უჭერდა.

ამის შესახებ ბოლტონის წიგნში – “ოთახი, სადაც ყველაფერი მოხდა” ნათქვამი, რომლის ამონარიდი CNN-ის ხელთ აღმოჩნდა.

მემუარებში ბოლტონი ტრამპისა და სი ძინპინის 2019 წლის ივნისში “დიდი ოცეულის” ფარგლებში შეხვედრის დიალოგს იხსენებს.

მისი თქმით, ტრამპმა ჩინელ კოლეგას უთხრა, რომ მისი საკვანძო ელექტორატი ფერმერებია, რომელთა მხარდაჭერაზე დამოკიდებულია 2020 წლის არჩევნებზე მეორედ მოგების შანსი.

ამიტომ, მან სი ძინპინს მოუწოდა, ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყიდოს, რაც ფერმერების მდგომარეობას გააუმჯობესებს და, შესაბამისად, ტრამპის შანსებს გაზრდის. აღნიშნულის სანაცვლოდ, ჩინეთის პროდუქციაზე ზოგიერთი გადასახადის მოხსნას დაჰპირდა.

ბოლტონი ამბობს, რომ ტრამპი თითქმის ყველა გადაწყვეტილებაში ხელმძღვანელობს იმით, თუ როგორ გავლენას მოახდენს ეს თუ ის გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებზე მის შანსებზე.

გარდა ამისა, იმავე შეხვედრაზე ტრამპმა სი ძინპინს უთხრა, რომ მას მუსლიმი-უიგურებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების აშენება შეუძლია და ეს “მართალი იქნება”.

აშშ-ის პრეზიდენტს ჩინეთისთვის მუსლიმი უმცირესობის მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გამო სანქციების დაწესება არ უნდოდა.

“ჩინეთში რელიგიური რეპრესიები ტრამპის დღის წესრიგში არ იყო”, – წერს ბოლტონი და დასძენს, რომ, მიუხედავად ამისა, ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციებს ხელი მაინც მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები