WSJ: ტრამპი პომპეოს მხრიდან შესაძლო დაცინვის ინფორმაციას გამოეხმაურა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯონ ბოლტონის წიგნში მოყვანილ ერთ ეპიზოდს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მისი მისამართით უხეში გამონათქვამი გააკეთა.

ტრამპის თქმით, მას პომპეოსთან “შესანიშნავი ურთიერთობა” აქვს.

ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

მანამდე, გაზეთმა New York Times-მა ბოლტონის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ მემუარებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 2018 წელს ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის პირველი სამიტის დროს პომპეომ ბოლტონს წერილი გადასცა, სადაც ეწერა, რომ “ის (ტრამპი) სრულ ბოდვას ამბობს”.

“ეჭვი მეპარება ამაში. აქვს მას ეს წერილი? მომეცით, ჩემი თვალით ვნახავ”, – უთხრა ტრამპმა Wall Street Journal-ს.

გარდა ამისა, მან უსაფრთხოების საკითხებში ყოფილ მრჩეველს “მატყუარა” უწოდა და თქვა, რომ ჯონ ბოლტონი თეთრ სახლში ყველას სძულდა.

“არავის უყვარდა, დიდად პატივსაც არ სცემდნენ. და მისი სულ უფრო უკეთ გაცნობასთან ერთად, სულ უფრო ნაკლებ პატივს სცემდნენ. პირადად მე ვფიქრობდი, რომ ის გიჟია”, – თქვა ტრამპმა.

ჯონ ბოლტონის მემუარები, სახელწოდებით – “ოთახი, სადაც ყველაფერი მოხდა”, 23 ივნისს გამოიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები