სალომე ზურაბიშვილი: ჯერ არ ვაფასებ კადიროვის მუქარას, ველოდები გამოძიების დასრულებას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო“. როგორც მან აღნიშნა, ის ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებას ელოდება.

„კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. მე გავაკეთე განცხადება, რომ პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანისა და ჟურნალისტის უსაფრთხოება იყო დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება სათანადოდ გამოძიებული“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი, რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები