ცხოველთა დაცვის ფედერაცია იმ სამი ძაღლის გადაცემას ითხოვს, რომელთა ევთანაზიაც იგეგმება – “პარლამენტშიც გვაქვს შეხვედრა”
ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე, თემურ ლაჭყეპიანი საჯაროდ მიმართავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, რომ გასულ დღეებში დაფიქსირებული ცოფის შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიებიდან იზოლირებული ის სამი ძაღლი გადასცენ, რომელთა ევთანაზიაც იგეგმება.
როგორც თემურ ლაჭყებიანი აცხადებს, ცხოველთა დაცვის ფედერაცია იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული ძაღლების კარანტინში მოთავსებასა და მათ შემდგომ მზრუნველობაზე.
“კვირა” ერთ-ერთ მოქალაქეს, თემო კევლიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ხვალ ძაღლების ევთანაზიისგან გადარჩენისთვის პარლამენტში მივა.
მისი თქმით, პარლამენტში ასევე მივლენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები და ადამიანები, რომელთაც ამ ძაღლების ბედი ადარდებთ.
“7 ძაღლს უკვე ევთანაზია გაუკეთეს, ახლა ვიბრძვით, რომ 3 ძაღლი გადავარჩინოთ. ხვალ, 09:30-ზე პარლამენტში გვაქვს შეხვედრა, ადგილზე იქნებიან ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები და უბრალოდ მოქალაქეები, რომელთაც ცხოველების ბედი ადარდებთ. ჩვენ ვაპირებთ სასამართლოში საჩივარის შეტანასაც, ასევე, დავუკავშირდით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსაც, რომ როგორმე მოლაპარაკება გამოსულიყო და ეს ძაღლები გადარჩენილიყვნენ. გარდა ამისა, ადგილზე, სადაც ცოფი დაფიქსირდა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს არანაირი პრევენციული ღონისძიება არ მიუღია. თანაც, იმ ადგილზე ბავშვები თამაშობენ და საფრთხილოა”, – განაცხადა თემო კევლიშვილმა.
მოაქალაქეებმა, ასევე, შეაგროვეს ხელმოწერები და ძაღლების გადასარჩენად პეტიცია შეადგინეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივნისს, მოქალაქის ინიციატივით, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #39–დან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ცოფის ვირუსის კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა. ცხოველის ლეტალობა 9 ივნისს დაფიქსირდა.