გიგი წერეთელი: მნიშვნელოვანია, რომ გენდერული თანასწორობის მიმართ მიღწეული შედეგები პანდემიის შემდგომ პერიოდშიც შენარჩუნდეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა მონაწილეობა გენდერული თანასწორობის მიმართ პანდემიის გავლენის შედეგების თემაზე გამართულ ონლაინკონფერენციაში მიიღო.

ონლაინკონფერენციისას აღინიშნა, რომ კოვიდეპიდემიამ დიდი გავლენა მოხდინა სხვადასხვა პროცესზე, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანმრთელობის სისტემები, უმუშევრობის გაზრდა და სხვა. ამ პერიოდში კი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის შენარჩუნება და მიმდინარე პროცესების მართვისას ქალთა ჩართულობის გააქტიურება. როგორც ვებინარის მონაწილეებმა აღნიშნეს, პანდემიის პერიოდში ქალების დატვირთვის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. კერძოდ, მამაკაცებთან შედარებით, სამედიცინო დაწესებულებებში უფრო მეტი ქალია დასაქმებული და შესაბამისად, ისინი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასევე, მაშინ, როდესაც განათლების სისტემა ფაქტობრივად დაიხურა, საოჯახო საქმეებთან მიმართებაში, ქალებს გაცილებით მეტი ტვირთი დააწვა.

„ბევრი ის მიღწევა, რაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მსოფლიოში გლობალურად არსებობდა, დღეს საფრთხის ქვეშ დადგა. პოსტეპიდემიურ ფაზაში, მაშინ, როდესაც მძიმე ვითარებიდან ეტაპობრივი გამოსვლა ხდება, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიღწევების შენარჩუნება მოხდეს და გენდერული თანაბრობა და ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული. ქალთა მდგომარეობა და გენდერული დისბალანსი, უფლებრივი დისკრიმინაცია განსაკუთრებით მიგრანტთა და დევნილთა კომპაქტურად დასახლებებში, ასევე, კონფლიქტურ ზონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება. სადაც არ არის ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებთან, ხშირ შემთხვევაში არ ხდება სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვაც”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული ვებინერი პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში ქალთა ჩართულობისა და პოსტ ეპიდემიურ პოლიტიკის შემუშავებისას ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოცდილების გამოყენების საკითხებს დაეთმო. კონფერენციის მონაწილეებმა: საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელებმა, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა, გაბრიელა ბარონმა, ODIHR-ის ხელმძღვანელმა, ინგიბორგ გისლადოტიმა, გენდერულ საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰეიდი ფლაიმ და ექსპერტებმა თემის ირგვლივ მსჯელობა გამართეს და საკითხის მნიშვნელობა განიხილეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები