ირაკლი კობახიძე: სუს-მა ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო დაცული
“როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ბუნებრივია, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. ვიცით, რომ მოვლენების ასეთ შესაძლო განვითარებას შეიძლება, მოჰყოლოდა უფრო მძიმე შედეგები. ეს დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობაა, რაც კონკრეტულ სუბიექტებს ხელს აძლევს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებას ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, სუს-მა ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანის სიცოცხლე დაცული ყოფილიყო.
„ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას ევალება, რომ იმოქმედოს სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობით იმიტომ, რომ უმრავლესობა არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში, რაც ხდება საგარეო ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ნაბიჯი სწორედ ამ პასუხისმგებლობით იქნება გადადგმული. საქმე ეხება ოკუპანტი სახელმწიფოს ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს. ასეთ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს თავისი ღირსეული თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რაც თავის დროზე წინა ხელისუფლებას ჰქონდა. გახსოვთ, რითი დაამთავრეს საკუთარი ქმედებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ შორის, ვგულისხმობ ტერიტორიების 20%-ის ჩაბარებას რუსეთის ფედერაციისთვის. მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ – ჩვენი. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ შეუძლიათ, გააგრძელონ იმ სპეკულაციური განცხადებების კეთება, რასაც აკეთებენ.
დღემდე სუს-მა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო დაცული და ხელისუფლების თითოეული სტრუქტურა ასე გააგრძელებს მუშაობას.
როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ბუნებრივია, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სუს-ის და, ზოგადად, ხელისუფლების დროული რეაგირება. ჩვენ ვიცით, რომ მოვლენების ასეთ შესაძლო განვითარებას შეიძლება, მოჰყოლოდა უფრო მძიმე შედეგები. ეს დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობაა, რაც ხელს აძლევს კონკრეტულ სუბიექტებს, მაგრამ ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ ასეთი სცენარები თავიდან აირიდოს”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, კადიროვი “ტელეგრამ-არხზე” წერს – “ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დააკავეს დაქირავებული მკვლელი, რომელიც კადიროვის შეკვეთით ქართველ ვაი ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის დავალებას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ”.