კახა კალაძე: მზად ვართ, შევხვდეთ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს და, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმარებით

“დედაქალაქის მერია მზადაა, ვარკეთილის შერეული ბაზრობის მოვაჭრეებთან კონსულტაციები გამართოს და, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს.

„ორი დღის წინ სამგორის რაიონში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. დაიწვა ტანსაცმელი და სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო ცეცხლის ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მეხანძრე-მაშველების გმირულმა მუშაობამ ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხა. მინდა, მათ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრისა და ჩემი მოადგილე, ასევე, სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე. დაზარალებულ ადამიანებს თანადგომას შევპირდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბაზრობების დაზღვევა მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი სახის რისკი თავიდან იქნეს აცილებული.
„გუშინ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, სადაც აღნიშნული ბაზრობა დაზღვეული იყო, განცხადებები მოვისმინეთ. კომპანიამ გამოხატა მზაობა, ყველა დაზარალებულს დანაკარგი აუნაზღაურდეს. მიმდინარეობს მოკვლევა, დაზუსტება და კომპანია გააკეთებს ყველაფერს, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. რაც შეეხება თავად დაზარალებულებს – ყველა შემთხვევა ინდივიდურად განიხილება. ჩვენც მზად ვართ, შევხვდეთ დაზარალებულებს, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმარებით. პრემიერმინისტრთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი და მომდევნო დღეებში შეხვედრები გაიმართება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიებაც და შესაბამისი სამსახურები მომხდარის დეტალებს დაადგენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები