ლევან დავითაშვილი: საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი აქტიურად უჭერს მხარს ქართული რძის სექტორის განვითარებას და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს
საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი აქტიურად უჭერს მხარს ქართული რძის სექტორის განვითარებას და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევა ახალ შესაძლებლობად ვაქციოთ.
„ახალი კორონავირუსის პანდემიამ სოფლის მეურნეობის არაერთი სექტორი, მათ შორის, მერძევეობა რთული გამოწვევის წინაშე დააყენა, შემცირდა მოთხოვნა რძის ნაწარმზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევა ახალ შესაძლებლობად ვაქციოთ და გავზარდოთ ისეთი პროდუქციის წარმოება, რომლის შენახვა ხანგრძლივი დროით იქნება შესაძლებელი, მაგალითად, როგორიცაა დავარგებული ყველი. მისასალმებელია, რომ საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი აქტიურად უჭერს მხარს ქართული რძის სექტორის განვითარებას და ახორციელებს ისეთ პროექტებს, რაც რძის მწარმოებელ ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორმა, მაგდა გზირიშვილმა მინისტრს მიმდინარე პროექტის „ქართული რძის ნიშანი“ შედეგები გააცნო.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნული ნიშნის მფლობელ კომპანიებს ბიზნესის ინსტიტუტი მარკეტინგული მიმართულებით ეხმარება. მაგდა გზირიშვილმა ახალი პროექტის დაწყების და „ქართული რძის ფედერაციის“ შექმნის შესახებ ისაუბრა. პროექტის ფარგლებში, გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან. ექსტენციის სამსახურების საშუალებით, მოხდება დაინტერესებული პირების მაქსიმალური ინფორმირება რძის ინდუსტრიაში არსებული ყველა სიახლის შესახებ.
„ქართული რძის ფედერაცია გააერთიანებს რძის სექტორში მომუშავე მწარმოებლებს და დარგით დაინტერესებულ ყველა პირს. მომზადდება საინფორმაციო მასალები დარგში არსებულ სიახლეებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე. ვფიქრობ, ჩვენი ახალი პროექტი სახელმწიფო, კერძო და არასამეწარმეო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი იქნება“, – აღნიშნა მაგდა გზირიშვილმა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უფროსი ილია თამარაშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.