თეთრი სახლი ჯონ ბოლტონის მემუარების ბლოკირებას სასამართლოს გზით შეეცდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “ძალიან შეუფერებლად” აფასებს იმ ფაქტს, რომ ეროვნული უსაფრთხოების მისმა ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თეთრ სახლში მუშაობაზე მემუარები დაწერა და აპირებს მათ გამოქვეყნებას.

“შესაძლოა, ის სიმართლეს არ ამბობს, ის ცნობილია იმით, რომ ხშირად არ ამბობს სიმართლეს”, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, ქვეყნის გენპროკურორმა – უილიამ ბარმა აღნიშნა, რომ ყოფილი ჩინოვნიკების მემუარების შემოწმების სპეციალური პროცედურა არსებობს მათში საიდუმლო ინფორმაციის არსებობის ჭრილში, რომლის გავლაც გამოქვეყნებამდეა სავალდებულო.

“ბოლტონს ეს პროცესი არ გაუვლია”, – თქვა ბარმა და “უპრეცედენტო” უწოდა იმ ფაქტს, რომ წიგნის გამოქვეყნება მოქმედი პრეზიდენტის პირობებში იგეგმება.

ამასთან, ტელეკომპანია ABC წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უახლოეს დროში გეგმავს სასამართლოში სარჩელის შეტანას, რომ ბოლტონის წიგნი ამჟამინდელი მდგომარეობით არ იყოს გამოქვეყნებული.

ბოლტონის წიგნი სახელწოდებით – “ოთახი, სადაც ეს მოხდა: თეთრი სახლის მემუარები” მარტში უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა მოგვიანებით მაისამდე გადაიდო. აპრილის ბოლოს კი გახდა ცნობილი, რომ მისი გამოქვეყნება 23 ივნისს მოხდება.

დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლა და აღნიშნა, რომ “ის სერიოზულ შეცდომებს უშვებდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები