“ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ, დღეს თბილისიდან ხუთი მაგისტრალური მიმართულებით პირველი მატარებლები გავიდნენ”
“ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ, დღეს თბილისიდან ხუთი მაგისტრალური მიმართულებით პირველი მატარებლები გავიდნენ”, – ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
“საქართველოს რკინიგზა”, მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.
“ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ინსტრუქციის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე, მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება”, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას თქმით, მგზავრობა შესაძლებელი იქნება ხუთი მიმართულებით – თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ქუთაისი. მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე, აღდგა დღის ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა.
„საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მოუწოდებს, რომ, უსაფრთხოების მიზნით, მატარებლის ბილეთები შეიძინონ ონლაინ, ასევე, მაქსიმალურად დაიცვან მგზავრობის წესები“, – განაცხადა ცაგურიამ.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბათუმის მიმართულებით შტადლერის მატარებელი დღეს ზუსტად 8 საათზე გავიდა. პირველი მგზავრების განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, მზად არიან, დაიცვან ყველა რეგულაცია.