იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილა, რომელიც სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ წარადგინა.
„ჩემთვის დიდი პატივია, პარლამენტის წინაშე, სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის ანგარიშის წარმოდგენა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. გასულ წელს, სამსახურს ორ მნიშვნელოვან ფუნქციასთან – პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგთან ერთად დაეკისრა, ასევე, საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელება, რამაც ჩვენი როლი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კიდევ უფრო გაზარდა. ჩვენ ვიმუშავეთ, მართლაც, 24 საათიან რეჟიმში იმისათვის, რომ 2019 წლის პირველ ნოემბერს აგვემოქმედებინა ამ სამსახურის საგამოძიებო მიმართულება და პარალელურად, არ შეგვეფერხებინა კონტროლი და მონიტორინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კანონიერებაზე”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მისივე თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით სამსახურს 422-მა პირმა მიმართა, რომელთაგან 81% შეეხებოდა მონაცემთა არაკონონიერი დამუშავების საკითხებს კერძო სექტორში, ხოლო დანარჩენი – საჯარო უწყებებში.
ანგარიშის თანახმად, 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, მზარდი იყო ინსპექტირებების რაოდენობაც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩაატარა 156 შემოწმება (ინსპექტირება), აქედან 29% – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით, ხოლო 71% – განცხადებებისა და შეტყობინებების საფუძველზე, რის შედეგადაც პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 135 ფაქტი დადგინდა, რომელთაგან 96 შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრა კერძო ორგანიზაციებს, ხოლო 39 შემთხვევაში საჯარო დაწესებულებებს.
„შემცირებული სამართალდარღვევების მაჩვნებელი მომართვიანობის გაზრდის ფონზე მიუთითებს იმაზე, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა უწყებებში გაუმჯობესებულია, ისევე როგორც კერძო ორგანიზაციებში, თუმცა ამ სფეროში კვლავ რჩება გამოწვევები”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
გამოწვევებზე საუბრისას, სახელმწიფო ინსპექტორმა ყურადღება გაამახვილა: ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავებაზე; ვიდეოთვალთვალის განხორციელებაზე, განსაკუთრებით კერძო სექტორში; მონაცემთა გასაჯაროებაზე; არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე; დასაქმებულთა მონაცემზე; სარეკლამო მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე და სხვა საკითხებზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაზე – ფარულ საგამოძიებო მოქმედებების კონტროლზე საუბრისას, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ 2019 წელს სასამართლოებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე 2279 შუამდგომლობა დააკმაყოფილეს. აღნიშნულ განჩინებათა უმეტესობა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას შეეხებოდა.
მისივე თქმით, მონიტორინგის განხორციელების პროცესში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უფლება აქვს, შეაჩეროს მიმდინარე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერა და ეს უფლებამოსილება 2019 წელს სამსახურმა 98 შემთხვევაში გამოიყენა.
ლონდა თოლორაიამ ანგარიშის წარდგენისას, ასევე ისაუბრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის კიდევ ერთ მიმართულებაზე – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე, რომლის განხორციელებაც სამსხურმა გასული წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყო.
„სამსახურისთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭების მიზანი იყო სამოხელეო დანაშაულებებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოება. მიზნის შესასრულებლად ჩვენ გადავდგი არაერთი ნაბიჯი. საქართველოს პარლამენტის დახმარებით განხორციელდება ცვლილებები „სახელმწიფო ინსპექტორის” შესახებ კანონში, რომელმაც ამ სამსახურის ამოქმედება და პირველ ეტაპზე, მისი მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლითაც მიზნად დავისახეთ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეფექტიანად გამოიძიებს მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს. შევქმენით საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც ჩამოყალიბდა ორი სტრუქტურული ერთეულის სახით. ერთი განთავსებულია თბილისში, მეორე კი – ქუთაისში”,- განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.
ლონდა თოლორაიამ საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობაზე საუბრისას ყურადღება შეაჩერა: თანამშრომელთა შერჩევაზე; გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს შემუშავებაზე; ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური წარმოების წესების შემუშავებაზე და დანაშაულის ნიშნებზე შეტყობინების მიღების მექანიზმის დანერგვაზე.
„2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა 351 შეტყობინება. აქედან, შეტყობინების ნაწილი არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, შეტყობინების ნაწილი კი, არ განეკუთვნებოდა სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას. დანაშაულის ნიშნების შემცველი შეტყობინებების უდიდესი ნაწილი ჩვენთან შემოდის შინაგან საქმეთ სამინისტროდან, კერძოდ, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან, გენერალური ინპექციიდან და ტერიტორიული დანაყოფებიდან, 12% შემოვიდა საქართველოს პროკურატურიდან, 12% სახალხო დამცველის აპარატიდან, 7% იუსტიციის სამინისტროდან, მოქალაქეებისგან 4% და 1% მედიისგან (მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე)”, – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.
მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 68 საქმეზე, საიდანაც 64 საქმეზე გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კუთხით.
როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოძიების სწრაფად დაწყება, არამედ შემდგომ უკვე საგამოძიებო მოქმედებების სწრაფად ჩატარება.
„16 გამომძიებლის საშუალებით, 2019 წელს დაწყებულ საქმეზე ჩავატარეთ 1200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოიკითხა 700-ზე მეტი პირი, დათვალიერდა 250-მდე ობიექტი, გამოთხოვილ იქნა 180 მეტი ვიდეოჩანაწერი და დოკუმენტი, ჩატარდა, ასევე, 74 ჩხრეკა და ამოღება და 13 საგამოძიებო ექსპერიმენტი”, – აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა.
ლონდა თოლორაიამ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი გადაჭრის მიზნით გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთან.
„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვექნება პარლამენტთან, რადგან თვლით, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება შეიძლება დღის წესრიგში დადგეს. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნის რეფორმის პროცესში, რომელიც დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დაჩქარდება”, – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ლონდა თოლორაიამ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც შეეხებოდა რეგიონებში გამოძიების ჩატარების ორგანიზაციულ საკითხებს, სამსახურის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მოქალაქეთა მიმართვიანობას და საკითხებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურის არსებობა „ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდის დამსახურებაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ძალიან ეფექტური და თავის დანიშნულებას ახორციელებს კანონის დაცვით.
„წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ჩარევით 98 შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესრულება შეჩერდა. მარტო ეს ერთი ფაქტიც კი ცხადყოფს იმას, რომ ეს სამსახური არის ძალიან ეფექტური და თავის კონკრეტულ დანიშნულებას ახორციელებს კანონის დაცვით”, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურა გამართულად მუშაობდეს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას, თქვენს თანამშრომლებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სისტემის შექმნაში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში თქვენ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ოპონენტებსაც, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი საწინააღმდეგო რამ ისმოდა მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ საკანონმდებლო დონეზე ამ სამსახურისთვის რეგულაციებს ვქმნიდით. ბევრი პესიმისტი გამოთქვამდა თავის მოსაზრებას, რომ სამსახური იქნებოდა მხოლოდ ფორმალური სახის და ის ვერ შეძლებდა მასზე დაკისრებული მოვალეობების სისტემურ და ღრმა შესრულებას. დღეს წარმოდგენილმა ანგარიშმა კი ცხადყო, რომ სამსახური ძალიან ეფექტიანად ფუნქციონირებს”, – აღნიშნა იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
იურდიულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში დადებითად შეაფასა.