გიორგი კაკაურიძე სალომე სამადაშვილს: ისეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის

„პირდაპირ გეტყვით, ისეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან იმიტომ, რომ ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენისას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იგი პირადად იყო ჩართული ანტიკრიზისული ბიუჯეტის პაკეტის შემუშავებაში და მასში სრულადაა ასახული როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ის ხარჯები, რომლებიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.

„პირადად ვიყავი ჩართული ბიუჯეტის ამ პაკეტის შემუშავებაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ყოველდღიურ რეჟიმში მქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მოსაზრებები ბიუჯეტთან მიმართებით, რაც თქვენ წარმოადგინეთ, ეს არის, დაახლოებით, 5,5 მილიარდი ლარის საკითხი და პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან იმიტომ, რომ ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის. მით უფრო, ნამდვილად არ მესმის მსხვილ ბიზნესს, ისეთებს, როგორიცაა მაგალითად ჰესები, რკინიგზა, ვინც ქონების გადასახადის ძირითადი კონტრიბუტორია, რას მისცემდა ქონების გადასახადის გაუქმება, ეს საკითხი ეკონომიკურ შინაარსს ნამდვილად მოკლებულია, ამიტომ ბიუჯეტში, რაც გამომაქვს დახმარების პაკეტი როგორც ბიზნესისთვის, ისე მოსახლეობისთვის ჩვენი მშპ-ს 6%-მდეა. ამაზე მეტის აწევის საშუალება დღეს მაკროეკონომიკურად საქართველოს არ ჰქონდა და კიდევ ვიმეორებ თქვენ კითხვას რომელი პაკეტი იქნებოდა ჩემთვის უფრო კომფორტული გასატანად, გპასუხობთ ასეთი პაკეტი ვინმემ რომ მომცეს გასატანად, რაც თქვენ წარმოადგინეთ, ნამდვილად არ გავიტან და იმ თანამდებობას, რასაც ვიკავებ დავტოვებ იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტის გატანა”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები