მარინა ეზუგბაია: გავაგრძელოთ სწორად ცხოვრება, ეპიდემიოლოგები კი თავიანთ კარგ მუშაობას გააგრძელებენ
“ყველა მოქალაქისთვის, ჩვენთვის, ახლობლებისთვის ყველა შემთხვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც უცნობი წყარო და თავი ყოველთვის სწორად უნდა დავიცვათ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსისგან თავის დასაცავად ისევ და ისევ რეკომენდაციების დაცვაა მნიშვნელოვანი.
“დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, წყარო ცნობილია თუ არა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც უცნობ წყაროებთან, ანუ ჩვენთვის ყველაფერი უცნობი უნდა იყოს. არ ვლაპარაკობ, ახლა თუ ცნობილია წყარო, ამიტომ არ მიეკარებით თქვენ და არ გექნებათ კონტაქტი, არა, ჩვენი მოქმედება განპირობებული უნდა იყოს, როგორც უცნობი წყაროს პირთან ურთიერთობა. ეს რას ნიშნავს, რომ ვიყოთ სოციალურ დისტანცირებაში და უნდა გვქონდეს პირადი დაცვის საშუალებების სწორად გამოყენების უნარ-ჩვევები. ამიტომ ყველა მოქალაქისთვის, ჩვენთვის, ახლობლებისთვის, ყველა შემთხვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც უცნობი წყარო და თავი უნდა დავიცვათ ყოველთვის სწორად. თუ ეს გაირკვევა, რომ ნაცნობი წყაროა, ძალიან კარგი, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ქმედებებს. ჩვენ გავაგრძელოთ სწორად ცხოვრება, ეპიდემიოლოგები გააგრძელებენ თავიანთ კარგ მუშაობას და მოხდება ყველა წყაროს მოძიება. შეიძლება, ყველას მოძიება ვერ მოხერხდეს, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ახალი შემთხვევა, მაინც გრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება, ეს არის ჩვენი თავდაცვა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.