სალომე ზურაბიშვილი: ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ აუცილებლად დავიცვათ სიფრთხილე (ფოტო, ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლამისყანიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი ადგილია სანახავი, თუმცა ყველამ სიფრთხილე უნდა დაიცვას.
“დღეს არის 15 ივნისი და დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი. მე მინდა, თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში, აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო – ისეთი ადგილები, რომლებიც ნაკლებად ცნობილია და ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ არის ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობა. დღეს ვართ ლამისყანაში, თბილისთან ახლოს, ერთი საათიც არ უნდა, თუ შორს არ გინდათ წასვლა. ლამისყანაში არის ეს ციხესიმაგრე, რომელიც იყო ქსნის ერისთავების, შემდეგ – ჯამბაკურ-ორბელიანების. აქედან გაიტაცეს დავით გურამიშვილი და ამ სოფელში, თუ არ ვცდები, დაახლოებით, 50 ძეგლია, ძველი მარანი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ აღმოსაჩენი. აქედან წავალთ და გაჩვენებთ ბევრ სხვა ადგილს. შეგიძლიათ, გვესტუმროთ ჩვენს “ფეისბუქგვერდზე”. ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ აუცილებლად დავიცვათ სიფრთხილე და ვიმოგზაუროთ ფრთხილად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.