ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა
“თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ერთობლივად განახორციელებენ.
“8 ივნისს, მოქალაქის ინიციატივით, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #39–დან, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ცოფის ვირუსის კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა. ცხოველის ლეტალობა 9 ივნისს დაფიქსირდა.
ცხოველის პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად ცოფის ვირუსის არსებობა დადასტურდა.
2019 წელს თბილისში ცხოველებში ცოფის ვირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ”,- ნათქვამია განცხადებაში.