ილია მეორე: ჩვენი ქვეყანა მდიდარია წმინდანებით, ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლი უხვად ეფინება საქართველოს

 

“საქართველო უცხოეთში სიმდიდრეს და ოქრო-ვერცხლს კი არა ეძებდა, ეძებდა მადლს, წმინდა სამება აძლევდა მადლს და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლი უხვად ეფინება საქართველოს”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დამთავრების შემდეგ განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს “ყოველთა წმინდანთა დღე” მიულოცა.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღე. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს.

როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი, ვნახე ჩემი ძმა გარდაცვლილი და მე ვეკითხები მას, თეიმურაზ, ლოცულობ ჩვენთვის? ვლოცულობო და მიჩვენა საქართველოს დიდებაზე. ეს ხალხი, ეს ეზოო, ყველა ლოცულობს შენთვისო, ეს ძლიერი ხატია, საქართველოს დიდება, ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი, დიდ დახმარებას მიიღებთ თქვენ და საქართველო.

რა არის წმინდანი, დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული, წმინდანი, რომელიც არ არის კმაყოფილი დღევანდელი დღით, არსებული მდგომარეობით, წმინდანი არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი და მე გისურვებთ თქვენ ყველას რომ, ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე.

მრავალი მაგალითი არის ჩვენს წინაშე, მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი ეხმარება არაქრისტიანებსაც, ყველას ეხმარება და წმინდა ნიკოლოზს უწოდებენ სწრაფ დამხმარეს და სასწაულთმოქმედს. მე პირადად არაერთხელ მიმიღია დახმარება წმინდა ნიკოლოზისა. წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და ყოველნი წმინდანნი შეგეწიონ თქვენ და საქართველოს, ჩვენთან არს ღმერთი“,- განაცხადა ილია მეორემ.

ქადაგების შემდეგ მან სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.

„ჩვენი სამღვდელოება თავდადებული სამღვდელოებაა, მოღვაწეობენ, რაც შეუძლიათ და მე ძალიან დიდად ვაფასებ მათ მოღვაწეობას“,- აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები