პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „შშმ პირთა ისტორიების კონკურსი“ გამოაცხადა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის „შშმ პირთა ისტორიების კონკურსი“ გამოაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით დღეს, 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტმა, შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა, პრესკონფერენცია გამართა.
“გილოცავთ, 14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა! ვირუსმა გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები წლებია ახორციელებენ პროექტებს შშმ პირთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, მსოფლიო მასშტაბით შშმ პირები კვლავ აწყდებიან პრობლემებს, თუმცა არის გარკვეული პროგრესიც.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შშმ პირებს მივცეთ შესაძლებლობა თავად შეაფასონ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და გამოგვიგზავნონ საკუთარი წარმატებისა თუ წარუმატებლობის ისტორიები. კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ ჟურნალისტებსაც და ბლოგერებსაც, რათა თავად აღმოაჩინოთ და გააშუქონ შშმ პირთა შესახებ საინტერესო ისტორიები.
შშმ პირთა ისტორიების კონკურსში 6 გამარჯვებული გამოვლინდება. აქედან, დაჯილდოვდება 3 ისტორიის გმირი და სამი პუბლიკაციის ავტორი.
კონკურსისათვის განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება დღეიდან 1 დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებულები კი, სიმბოლურად, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან.
კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
კონკურსი არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მის ორგანიზებას მომავალ წლებშიც ვგეგმავთ. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე”, – განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.