თენგიზ ცერცვაძე: მიმაჩნია, რომ კორონავირუსის პირველი ტალღა ჯერ არ დასრულებულა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღა ჯერ არ დასრულებულა.
მისივე თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ხელახალი შემოღების საჭიროება მხოლოდ მაშინ დადგება, თუ კორონავირუსის შემთხვევების დრამატული ზრდა დაფიქსირდება.
“განგაშის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ საფუძველი არსებობს იმისი, რომ არ გადავაჭარბოთ ჩვენი თავისუფლებებით. ჯერ კორონავირუსი არსად წასულა. ის კვლავ აქ არის. ლაპარაკი, რომ ეს პირველი ტალღაა თუ მეორე, უსაგნო ლაპარაკია. მე მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დასრულებულა და ეს პირველი ტალღის ნარჩენებია.
თეორიული შანსი არსებობს და ბევრმა ქვეყანამ ხელახლა შემოიღო საგანგებო მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის საჭიროება არ იქნება. ამის საჭიროება გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იქნება შემთხვევების დრამატული მატება, როგორიც ჩვენს სამეზობლოშია“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.