არჩილ თალაკვაძე: ქედს ვიხრი ადამიანების წინაშე, ვინც 13 ივნისის სტიქიის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა

“მინდა, ქედი მოვიხარო ადამიანების წინაშე, ვინც 13 ივნისის სტიქიის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა. ეს იყო სამწუხარო, მაგრამ უპრეცედენტო ერთიანობისა და სოლიდარობის მომენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აჭარაში განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

„ჩვენ დავკარგეთ ახალგაზრდა ადამიანები და ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო მათი ოჯახებისთვის. ჩვენ ვნახეთ ასევე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თავგანწირვა და ზურაბ მოზაშვილი მაშველი, რომელიც მუშაობდა შემთხვევის ადგილას, სამწუხაროდ დაიღუპა. დღეს ქუჩას, რომელზეც მე ვცხოვრობ, ჰქვია მისი სახელი. მინდა, კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ სტიქიის ლიკვიდაციაში იყო ჩართული და მათ შორის ძალიან ბევრი მოხალისე. ეს იყო უპრეცედენტო სოლიდარობის დღე. მთავარია, რომ დღეს, ამ მოვლენებიდან ხუთი წლის შემდეგ, ჩვენ უკვე ბევრი რამ აღვადგინეთ, შევქმენით დამცავი სისტემები, სასიგნალო სისტემები, ინფრასტრუქტურა განახლდა. დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გახსნის უკვე „მზიურის“ ახალ პარკს, რომელიც იქნება დედაქალაქის ერთ ერთი ცენტრალური და ფეშენებელური პარკი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები