გიორგი გახარია: 13 ივნისი იყო უდიდესი სოლიდარობისა და ერთმანეთზე ზრუნვის დღე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც მან აღნიშნა, ყველაფრის მიუხედავად ეს დღე უდიდესი სოლიდარობისა და ერთმანეთზე ზრუნვის დღე იყო.
„ხუთი წელი გავიდა უკვე. რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე. ეს იყო უდიდესი სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს. გამოავლინეს უაღრესი ძალა, ენერგია ერთსულოვნების, ერთად დგომის, ერთმანეთზე ზრუნვის, უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
დღესაც ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დღესაც ეპიდემია ეს არის დიდი კრიზისი, როდესაც იმავე ხარისხის ერთსულოვნება, იმავე ხარისხის ერთმანეთზე ზრუნვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს.
​ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, ასე ყალიბდება წარმატებული და დიდი თაობები. მე იმედი მაქვს, რომ ეს ის ახალგაზრდობა იყო, რომელიც სულ მალე საქართველოს ახალი რეალობის შექმნაში მიიღებს პირდაპირ მონაწილეობას“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები