ლევან დავითაშვილი: დარგობრივი ასოციაციების გაძლიერება და ჩართულობა მნიშვნელოვანია საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისათვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ თავმჯდომარესთან, სოფიო დიასამიძესთან შეხვედრაზე ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების საკითხები და მეთევზეობის დარგში არსებული გამოწვევები განიხილა.
,,წარმოების სრული ჯაჭვის განვითარების გარეშე, ქვეყანაში მეთევზეობის დარგი ვერ გაძლიერდება. აღნიშნული მიმართულებით არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის სახელმწიფოსთან ერთად დარგობრივი ასოციაციების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-4 ფაზა, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება, ითვალისწინებს დარგობრივი ასოციაციების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერას, რაც სოფლის მეურნეობის ეფექტიან განვითარებას შეუწყობს ხელს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი – „აკვაკულტურის შესახებ“, რომელიც შემუშავდა და პარლამენტშია წარდგენილი, სექტორში არსებულ ბევრ პრობლემას დაარეგულირებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც სოფიო დიასამიძემ აღნიშნა, ასოციაციის თევზსაშენ მეურნეობებში სრულად გამართულიალიფსიტის წარმოების ტექნოლოგიური ხაზი. განსაკუთრებულიყურადღება ექცევა ბენეფიციარი მეთევზე ფერმერებისთვის თევზის მოშენების სრული ციკლის სწავლებას. ამასთან, თევზის მეურნეობების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ლიფსიტის ხარისხიან საკვებსა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია – „ფორეჯი“ 65 წევრს აერთიანებს. ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში თევზსაშენი მეურნეობების განვითარებას, ჯანსაღი გენეტიკის ლიფსიტის წარმოება-გამრავლებასა და მეთევზე ფერმერების ცოდნის ამაღლებას.