კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის სურსათის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესის დარგობრივ ასოციაციებს შეხვდნენ.
სეს-ის ინფორმაციით, მათ არსებული გამოწვევების ფონზე დადგენილი მოთხოვნები და რეკომენდაციები გააცნეს.
„სააგენტო არის მუდმივ მზადყოფნაში, ითანამშრომლოს ბიზნესსექტორთან. ტურისტული სეზონისთვის უმნიშვნელოვანესია კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, რაც პირდაპირ კავშირშია ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების წესებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვასთან”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, გამართონ საკონსულტაციო შეხვედრები.
ბიზნესასოციაციებმა აღნიშნეს, რომ სექტორი მაქსიმალურად არის მობილიზებული, ყველა მოთხოვნა იყოს გათვალისწინებული.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის, რესტორატორთა ასოციაციის, სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის, გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.