დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო: 66 660 პირმა 300-ლარიანი კომპენსაცია, ხოლო 90 802 პირმა 200-ლარიანი კომპენსაცია მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 11 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 132 ათასი პირი. მათგან 66 660 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 19 998 000 ლარი.
მათივე ცნობით, რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 802 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 18 160 400 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.
“კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.
კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე https://www.moh.gov.ge/, სადაც კომპენსაციის მიმღები პირები სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით დარეგისტრირდებიან. ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად რეგისტრაცია შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე https://compensation.moh.gov.ge/.
პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება მხოლოდ თვითდასაქმებულებს გააჩნიათ. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.
განაცხადებს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში”,-აღნიშნულია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები