“სერიოზული გამოცდილება მივიღეთ ამ 5 თვის განმავლობაში, ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მომზადებული შევხვდეთ”
“საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაზე მეორე, მესამე ტალღაზე სერიოზულად მიდის საუბარი, თუ მეორე ტალღა იქნება, გაძლიერებული მზადყოფნა აუცილებელია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გადამზადება, ტესტირების გაფართოება და მარაგების მუდმივი შევსება აუცილებელია.
„ადამიანები მოვეშვით და არ უნდა მოვეშვათ, არის ძალიან დიდი შეკრებები, აღნიშვნები დაბადების დღეების, ქორწილების, გართობის. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დავიცვათ რეკომენდაციები.
საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაზე მეორე, მესამე ტალღაზე სერიოზულად მიდის საუბარი. მოგეხსენებათ, ეს რესპირაციული ვირუსი გახლავთ და ნებისმიერი რესპირაციული ვირუსი აქტიურდება ცივი სეზონის დადგომასთან დაკავშირებით. იქნება თუ არ იქნება მეორე ტალღა, უფრო ძლიერი მზადყოფნის რეჟიმი, ვიდრე იანვარში გვქონდა, აუცილებელია. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, სერიოზული გამოცდილება მივიღეთ ამ 5 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მომზადებული შევხვდეთ. ადვილად გადავიტანთ ამ მეორე ტალღას და საკმაოდ სერიოზული გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის. გაძლიერებული მზადყოფნა აუცილებელია და მომავალი 4 თვე ამისთვის უნდა იქნას გამოყენებული. გადამზადება, მარაგების მუდმივი შევსება, ტესტირების გაფართოება, აუცილებელია, რომ მზადყოფნის რეჟიმში ვიყოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.