ექსპერტი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, ითანამშრომლონ ალტერნატიული ენერგეტიკის სფეროში

საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ენერგეტიკის სფეროში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და მათი გამოყენებაა. ქვეყანაში, სადაც ხშირია ქარი და მზის რესურსიც არსებობს, ამის შესაძლებლობებს ქმნის. ამ მიმართულებების განვითარებით საქართველო მიზნად ისახავს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, თუმცა ალტერნატიული ენერგია უფრო ძვირია, ვიდრე – ტრადიციული ენერგიის წყაროები და სწორედ ესაა მთავარი გამოწვევა ამ სექტორისთვის.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, გია არაბიძემ განაცხადა, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენება ეკონომიკურად მომგებიანი არ არის, რადგან საქართველოში მზისა და ქარისგან მიღებული ენერგიის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე – ელექტროენერგიის ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღება და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას უფრო მეტად არა ეკონომიკის განვითარების, არამედ ეკოლოგიის თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა.
ექსპერტის თქმით, საქართველო დიდი რაოდენობით ბიო-საწვავს არ აწარმოებს და მისი მოხმარება უკიდურესად დაბალია. 2025 წლისთვის საქართველოს ენერგეტიკული სფეროს სტრატეგიის მიხედვით მზისა და ქარის ელექტროსადგურების დახმარებით ქვეყანამ 400 მეგავატი უნდა გამოიმუშაოს.
”ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივასაც ხსნის. აზერბაიჯანი უფრო მზიანია, ვიდრე – საქართველო, ორივე ქვეყანაში არის ქარიანი ადგილები, ეს კი ქმნის საქართველო აზერბაიჯანის თანამშრომლობის საფუძველს”, – თქვა არაბიძემ.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ მზის ენერგიის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ ელექტროენერგიის, არამედ – თერმული ენერგიის მისაღებადაც, რაც წყლის გასათბობად გამოიყენება. მზის ენერგიის შემგროვებელ მოწყობილობებს საქართველო არ აწარმოებს. ისინი, ძირითადად, ჩინეთიდან შემოდის და არცთუ ისე ხარისხიანია, ამიტომ, არაბიძის თქმით, საქართველომ და აზერბაიჯანმა შეიძლება,  ერთობლივი საწარმოები შექმნან და მზის კოლექტორები აწარმოონ. ”მოწყობილობების ექსპორტი შესაძლებელია არა მხოლოდ საშინაო, არამედ – უცხოურ ბაზრებზეც. ასეთ მოწყობილობებზე მსოფლიო ბაზრებზე დიდი მოთხოვნილებაა”, – აღნიშნა მან.
ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს უცხოური ინვესტიციების წყალობით ალტერნატიული ენერგიის საწარმოებლად საჭირო გამოცდილება დაუგროვდა.
“გასულ წელს გერმანულმა კომპანიამ დაიწყო ქუთაისში მზის პანელების წარმოება. კომპანიას მოწყობილობები ექსპორტზე გერმანიასა და სხვა ქვეყნებში გააქვს”, – დასძინა მან.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები