თეა წულუკიანი: ჩვენს ნაწილში გაგრძელდება ზრუნვა იმისთვის, რომ საპატიმროებში ვირუსი არ იქნას შეტანილი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კვლავ გაგრძელდება ზრუნვა იმისთვის, რომ საპატიმროებში კორონავირუსის შეტანა არ მოხდეს.
მისივე თქმით, დანარჩენი სისტემების ფარგლებში, იუსტიციელები გააგრძელებენ, სავარაუდოდ, სექტემბრის თვემდე სახლიდან მუშაობას გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათი სამსახურში გამოცხადება არის მკაცრად აუცილებელი.
“ჩვენს ნაწილში, იუსტიციის სამინისტროში, გაგრძელდება ზრუნვა იმისათვის, რომ საპატიმროებში არ იქნეს ვირუსი შეტანილი. ამ ეტაპზე, მინდა, დავამშვიდო პატიმრებიც და მათი ოჯახებიც, რომ ხანმოკლე პაემნები, ამანათები და სხვა გზავნილები გაგრძელდება. არ იგეგმება, რომ შეწყდეს, მაგრამ ჩვენ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ პენიტენციური სამსახური ამის მიღმა გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საქართველოში საპატიმრო დარჩეს ვირუსის მიღმა. დანარჩენი სისტემების ფარგლებში იუსტიციელები გააგრძელებენ, როგორც აქამდე იყვნენ, სავარაუდოდ სექტემბრის თვემდე სახლიდან მუშაობას გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათი სამსახურში გამოცხადება არის მკაცრად აუცილებელი. ამით ჩვენ გვინდა, ვაჩვენოთ მაგალითი ასევე კერძო სტრუქტურებს იმისათვის, რომ სხვადასხვა თანამშრომელი არ იქნეს სამსახურში გამოცხადებული მიუხედავად იმისა, მისი მოსვლა არის თუ არა მნიშვნელოვანი კომპანიის ფუნქციონირებისათვის”, – განაცხადა წულუკიანმა.