ფინანსთა სამინისტრო იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ” შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებებს იწყებს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა და იაპონიის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯინდა ნაოიამ საქართველოსა და იაპონიას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ” შეთანხმების განახლების მიზნით ონლაინკონსულტაციები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, განახლებული შეთანხმების პროექტის მიზანია დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტის საფუძველზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის მოდელით შემოთავაზებული სიახლეების გათვალისწინება (დანერგვა), რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.