საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იხსნება.
მისი თქმით, ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რაც მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით მეტი მოგზაურობის საშუალებას აძლევს.
„15 ივნისიდან ჩვენ ვხსნით შიდა ტურიზმს, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც მოქალაქეებს აძლევს ქვეყნის შიგნით უფრო მეტი მოგზაურობის შესაძლებლობას. ასევე, ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად აღდგეს, მაგრამ აქაც კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ბიზნეს ოპერატორს, თითოეულ მოქალაქეს, მართებს უკიდურესი სიფრთხილე. მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით ევროკავშირშიც არ არის საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ველოდებით და ამის შემდგომ გადავწყვეტთ მწვანე ზონების თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრივობას, რომელზეც აქტიურად მუშაობს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.