პროფესიული კოლეჯებისთვის კიდევ უფრო მოქნილი ალტერნატიული რეკომენდაციები შემუშავდება
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პანდემიის შემდგომ ამოქმედების გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად კოლეჯების დირექტორებთან ონლაინშეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო სივრცეში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც კოლეჯები აღმოჩნდნენ. გაიმართა დისკუსია და კოლეჯებმა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაცია მიიღეს.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროფესიული განათლების მიწოდების სპეციფიკა, რომელიც რეალურ და სიმულირებულ სამუშაო გარემოში სწავლებას გულისხმობს, საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას. შესაბამისად, გადაწყდა, რომ სამინისტროები იმუშავებენ რეკომენდაციებში უფრო მეტად მოქნილი ალტერნატივების დამატებაზე, რაც პროფესიული განათლების მრავალდარგოვან ბუნებას უკეთ მოერგება და კოლეჯების უსაფრთხო ოპერირებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩართული იყო რეკომენდაციების მომზადების პროცესშიც. ყველა კოლეჯი ინტენსიურად მუშაობს რეკომენდაციების დაკმაყოფილებაზე, რაც კოლეჯების გახსნისა და ჩვეული ოპერირების რეჟიმში დაბრუნებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.