მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის სამშენებლო სამუშაოებს ლევან დავითაშვილი გაეცნო

მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის სამშენებლო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გაეცნო.

წლის ბოლომდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის სამშენებლო სამუშაოები დასრულდება. ცენტრში ლაბორატორია, სადეგუსტაციო სივრცეები, ვაზისა და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი, ენოთეკა და საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა.

„2016 წელს “აგროქართუს” დაფინანსებით საქართველოში შექმნილი უნიკალური ვაზის კოლექცია, რომელიც ქართული ვაზის ქართულ გენოფონდს ინახავს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადმოეცა. ბევრი რამ გაკეთდა ბაზაზე მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით კვლევითი სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად. თანამედროვე ინსტიტუტი, ლაბორატორიული აღჭურვილობით, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება, აგვეშენებინა მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის დასრულდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიღაურაში 80 ჰექტარზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში ვაზის 450 ქართული და 350 უცხოური ჯიშია დაცული, მათ შორისაა ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ქართული ჯიშების მოძიება და საკოლექციო ნაკვეთებში კონსერვაცია გახლავთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ჯიშების კვლევა. სწორედ ამ მიზნით შენდება სივრცე, რომელიც მრავალპროფილური იქნება. ამ სივრცეში მეცნიერ-თანამშრომლებს ექნებათ ყველა პირობა იმისათვის, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ქართული ვაზისა და ღვინოს მეცნიერულ კვლევას, სრულყოფილად, თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით განახორციელონ“, – განაცხადა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

ჯიღაურას ბაზა 2014 წელს ა(ა)იპ „აგრომ“ და შპს „აგროქართუმ“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები