“გამიხარდებოდა, მესაუბრა, რომ ხვალიდან შეზღუდვები იხსნება, დაშვებულია ქორწილები, იუბილე, სოციალური ღონისძიებები, თუმცა ამას ვერ გეტყვით, თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რის წინაშე ვდგავართ”
“ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის წესი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის განსაზღვრული და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ვიმოქმედოთ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეალობას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს.
„არასდროს გავურბივარ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე მაკისრია. პასუხისმგებლობით მივუდექი საკითხს და სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვდგავარ თქვენს წინაშე, რომ გითხრათ – არ გამომაქვს პოპულისტური კანონი. გამიხარდებოდა, მესაუბრა იმაზე, რომ იცით რა, ხვალიდან შეზღუდვები იხსნება და ხვალიდან დაშვებულია ქორწილები, იუბილე, სოციალური ღონისძიებები, თუმცა, ამას ვერ გეტყვით. არ მაქვს უფლება, რომ ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, ვინაიდან, თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რის წინაშე ვდგავართ. ეს არის უმძიმესი გამოწვევა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობით მიდგომა სჭირდება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის წესი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის განსაზღვრული და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ვიმოქმედოთ. ამიტომ, კოლეგებო, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს საზოგადოებას ვერ მივაწვდი ამ ინფორმაციას და ვერ გავამხნევებ მათ იმ თვალსაზრისით, რომ ქორწილის გადახდა ნებადართული იქნება. სამწუხაროდ, ეს ასე არ იქნება. ვერ იქნება ვერც იუბილეს რესტორნებში გადახდა ნებადართული, ვერ იქნება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც ფართო თავშეყრას უკავშირდება. კიდევ ერთი სპეკულაციური გამონათქვამი, რომელიც ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან მოისმინეთ ბოლო დღეებში, რომ ჩვენ თურმე აკრძალვები შემოგვაქვს. კოლეგებო, ეს აკრძალვები დღესაც მოქმედებს, ახლა არ შემოგვაქვს. აკრძალვები მოქმედებს და განსაზღვრულია ჯარიმა-2 ათასი ლარი ფიზიკური პირებისთვის იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 ათასი ლარი. ჩვენ ვარეგულირებთ, ახალი გამოწვევიდან გამომდინარე, ადაპტაციას ვახდენთ. მსოფლიო ქვეყნები ამ დილემის წინაშე არიან, ყველას უწევს სწრაფი რეაგირება, მათ შორის საპარლამენტო და სამთავრობო მექანიზმებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებით. ამიტომ, დღეს წესი, თითქოს ჩვენ ახლა შემოგვაქვს რაიმე სახის აკრძალვა, ტყუილია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.