კახა კალაძე: არ ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება, რადგან ინციდენტიც არ ყოფილა
“არ ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება, რადგან ინციდენტიც არ ყოფილა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში 5 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის თქმითვე, პირი, რომელთან დაპირისპირებაზეც არის საუბარი, თბილისის მერიაში იმყოფებოდა და ავტოგრაფიანი მაისური მიიღო.
„არ ველოდები, რომ დაიწყოს გამოძიება, რადგან ინციდენტიც არ ყოფილა. პირიქით, იმ კონკრეტულმა ადამიანმა, ვისზეც თქვენ საუბრობთ, მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ ადამიანების, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ არ დაპირისპირებოდნენ და არ ეცემათ. სხვათა შორის, ჩემთანაც იყო მერიაში მოსული და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, ავტოგრაფიანი მაისური მიიღო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, 5 ივნისს დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად იმყოფებოდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები დახვდნენ.
მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია”.