გიორგი გახარია: ვერცერთ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ
ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება, შესაძლოა, შემდგომ ქვეყანას ძვირი დაუჯდეს.
„ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება, ამიტომ, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად, გონივრული, ფრთხილი, დაბალანსებული ნაბიჯები არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ფრთხილად და გონივრულად გავიაროთ სამშვიდობოს ყველამ. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია საქართველო, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად, უსაფრთხოდ, ადამიანზე ზრუნვით სძლევს ამ გამოწვევას. ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და არ უნდა გამოვეკიდოთ რაღაც მაღალი რისკის შემცველ იდეებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, მიღწეული იყო შეთანხმება, საქართველოში ისრაელთან ტურისტების შემოყვანაზე, თუმცა ერთი კვირის წინ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა.
„ბოლომდე გვაქვს მიყვანილი ისრაელთან შეთანხმება ტურისტების ისრაელიდან შემოყვანაზე. პირადად ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და შეთანხმებული ვიყავით, რომ პირველი რეისები უნდა გაგვეშვა. 15 ივლისი დავთქვით საერთაშორისო ტურისტების გასახსნელად. ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. ზუსტად ერთი კვირის წინ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გადაჰყავთ კარანტინში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.