თამარ არჩუაძე: COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საავიაციო ბაზარზე ცვლილებები გარდაუვალია

“COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საავიაციო ბაზარზე ცვლილებები გარდაუვალია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ცვლილებები იქნება როგორც მგზავრთნაკადის, ასევე, ავიაკომპანიებისა და სიხშირეების მიმართულებით.
“ბაზარზე იქნება ცვლილებები მგზავრთნაკადის, ავიაკომპანიებისა და სიხშირეების მიმართულებით. ველაპარაკებით ყველა ავიაკომპანიას, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებდა. ყველა ავიაკომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, განაახლოს ფრენები, თუმცა ეს მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმ ეპიდსიტუაციაზე, რაც არის იმ ქვეყნებსა და, ზოგადად, მსოფლიოში. საზღვრების გახსნის მიხედვით იქნება ავიაკომპანიების დაბრუნებაც იმიტომ, რომ ჩვენთან პანდემიამდე ბევრი სხვადასხვა ავიაკომპანია დაფრინავდა და თუ ამ ქვეყნების საზღვრები გახსნილი არ იქნება, ისინი დაბრუნებას ვერ შეძლებენ”, – განაცხადა “პალიტრანიუსის” ეთერში თამარ არჩუაძემ.
მისი თქმით, პირველი მიმართულებები, რომლებიც რეგულარული ფრენებისთვის გაიხსნება, სავარაუდოდ, ისრაელი და ბალტიის ქვეყნები იქნებიან, თუმცა საბოლოო დეტალები 15 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა საავიაციო სფეროს გაიდლაინებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაკმაყოფილება და გათვალისწინება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.
“გაიდლაინები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცდა, ავიაციის ინდუსტრიის აქტიური ჩართულობით შემუშავდა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან მათი დაკმაყოფილება ძალიან ადვილი იქნება. მგზავრებს მოუწევთ პირბადით გამოცხადება აეროპორტში, რაც, თავის მხრივ, სიახლე არ არის, რადგანაც პირბადის ტარება ჩვენი ყოველდღიური რეალობა გახდა. ისინი გაივლიან დამატებით თერმოსკრინინგს. იმ შემთხვევაში, თუ მათ დაუფიქსირდებათ ტემპერატურა 37,5 გრადუსზე ნაკლები, ისინი შეძლებენ ჩასხდომის პროცესის გაგრძელებას. სოციალური დისტანციის დაცვით გაივლიან საავიაციო უშიშროებისა და სასაზღვრო პროცედურებს, ხოლო შემდეგ ჩასხდებიან თვითმფრინავში”, – განაცხადა არჩუაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები