მაკა სოლოღაშვილი: ჩვენი კლინიკის სამი თანამშრომელი არაადეკვატური ქცევების მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათი კლინიკის სამი მედპერსონალი კორონავირუსით „არაადეკვატური ქცევების მქონე“ პაციენტებისგან დაინფიცირდა.

მისივე თქმით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ბოქსირებულ სექტორში 54 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 25-ს აქვს დადასტურებული. 4 არის 18 წლამდე ასაკის. ერთი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. 5 პაციენტია ახალი. ორია იმპორტირებული საკარანტინე ზონიდან. სამია მედპერსონალი. ჩვენი კლინიკის მედპერსონალია. მინდა აღვნიშნო, რომ პირველი დღიდან კლინიკა ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ ეს არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც არ ჰყოლია არცერთი დაინფიცირებული მედპერსონალი იმიტომ, რომ უმაღლეს დონეზე ხდებოდა ეპიდემიოლოგიური რისკების დაცვა, მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ – “დარჩი სახლში”, მივცეთ თუ არა “პლაქვენილი”, რაც თქვენ ასე გაინტერესებდათ ხოლმე, ეს არის მედპერსონალისთვის სხვა ცხოვრების სტილი. ეს არის ცხოვრება, როდესაც არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ.

სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია არაადეკვატურ ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემების გამო არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, პერსონალთან ჰქონდა პირადი შეხება, არ გვეკარებოდა არავინ გარკვეული რისკების გამო, არცერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაგრამ მათიც გვესმის. ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი პერსონალი – ექთანი და სანიტარი, ერთი და იმავე ცვლის, დაინფიცირდა. თუმცა კლინიკაში დაცულია ზომები, ეს პერსონალი იზოლირებულადაა. იზოლირებულად მოხდა დაინფიცირება, ნაკლებად ველოდებით კონტაქტებში გავრცელებას.

მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სიმპტომები გამოხატულია, ტემპერატურაა მაღალი, სწორედ პირველივე სიმპტომების გამო მოხდა ზომების დროულად მიღება. მუშაობის პერიოდში მათ კლინიკა დატოვეს, მაგრამ ჩვენი ბოქსირებული სექტორის ყველა პერსონალი მაქსიმალურად არის განსწავლული და უზრუნველყოფილი იმით, რომ მათ თვითონ მოიწყონ თვითიზოლაცია ოჯახებში”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები