“2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მომზადებულია COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ”

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანლობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ანტიკრიზისული ბიუჯეტი მომზადებულია COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ.

მასში ასახულია როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ის ხარჯები, რომლებიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.

გიორგი კაკაურიძის თქმით, ადრეულ ეტაპზე დაწყებული პრევენციული ზომებით, ეფექტიანი მართვით, ხელისუფლებამ წარმატებით შეძლო ქვეყანაში ეპიდემიის ფართოდ გავრცელების აღკვეთა. პარალელურად კი მუშაობა დაიწო ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში საჭირო დამატებითი რესურსი (შემოსულობებში მოსალოდნელი 1.8 მლრდ ლარის დანაკლისის გარეშე) შეადგენს 3,4 მლრდ ლარს და მოიცავს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიებისთვის საჭირო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც საჭიროა გამოიყოს მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში, მათ შორის:
• დაქირავებით დასაქმებულები, რომელებმაც დაკარგეს ხელფასი, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიანი დახმარების გასაწევად გათვალისწინებულია – 450,0 მლნ ლარი;
• სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებული საშემოსავლო გადასახადის შემცირება – 250,0 მლნ ლარი
• თვითდასაქმებულთა ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებებისთვის – 75,0 მლნ ლარი;
• მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის – 170,0 მლნ ლარი;
• 65-დან 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების დახმარება (ოჯახის წევრების რაოდენობის შესაბამისად) 6 თვის განმავლობაში – 48,0 მლნ ლარი;
• 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 13,0 მლნ ლარამდე;
• მკვეთრად გამოხატული შშმ პირების და შშმბავშვების 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 24,0 მლნ ლარი;
• StopCoV ფონდის ანგარიშზე მობილიზებული თანხა – 133,5 მლნ ლარი
• საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურებისა და ფრენების სუბსიდირებისთვის – 45,0 მლნ ლარი;
• ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯებისთვის – 285,0 მლნ ლარი;
• ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნის გაუმჯობესებისთვის 60,0 მლნ ლარი;
• საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად – 330,0 მლნ ლარი;
• სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებისთვის – 70,0 მლნ ლარი;
• ტურისტული ობიექტების ქონების გადასახადისგან გათავისუფლება – 45,0 მლნ ლარი
• მცირე გრანტების გასაცემად – 20,0 მლნ ლარი;
• სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა (მათ შორის დევნილთა სახლების გაზრდილი შესყიდვები) – 40,0 მლნ ლარი;
• სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა – 139,0 მლნ ლარი;
• დღგ-ს დამატებით დაბრუნებისთვის – 600,0 მლნ ლარი
• კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შესაქმნელად – 600,0 მლნ ლარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები