მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მისიაა, რომ უსაფრთხოების ეს ინდექსი არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ

“ჩვენი მისია არის, რომ უსაფრთხოების ეს ინდექსი არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასტუმროების რეგისტრაცია გრძელდება.

„მოვუწოდებთ სასტუმროებს, გააქტიურდნენ და წარმოაჩინონ თავი, როგორც მოქმედმა განთავსების ობიექტმა“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ამასთან, ქვრივიშვილი განმარტავს, რომ სასტუმრო ჯერ უნდა შემოწმდეს, დააკმაყოფილოს ყველა ის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრულია„კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ რეგულირებული დოკუმენტის ფარგლებში, მიიღოს ნებართვა და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება განთავსების ობიექტს საშუალება, შიდა თუ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლოს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში, რადგან გვაძლევს სრული კონტროლის მექანიზმს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ, პირველ ყოვლისა, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და, რა თქმა უნდა, ვებრძოლოთ შესაძლო „კოვიდ-19“-ის იმპორტირების გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში.

და უკიდურესად გადაზღვეულად, რადგან ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინდუსტრია როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობისთვის, ასევე, საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად. ყველა ძალიან ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც საქართველომ მიიღო „კოვიდ-19“-თან წარმატებული ბრძოლით და ზუსტად ამიტომაც არის საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესი. ასევე, ყველა ვკითხულობთ იმ ესაერთაშორისო გამოცემების შეფასებებს, ეს იქნება „ფორბსი“, „ვაშინგტონ პოსტი“, სადაც საქართველო დასახელებულია ტოპ 7-10 ქვეყანას შორის, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო.

ჩვენი მისიაა, რომ უსაფრთხოების ეს ინდექსი არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით ეტაპობრივად. მიმდინარეობს ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების ფორმატით თანამშრომლობა და მოლაპარაკება. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ, რომ ქვეყნების ჩამონათვალიც იქნება ეტაპობრივად გადახედილი, ეტაპობრივად გაიხსნება სხვადასხვა ქვეყანასთან და მთავარი კრიტერიუმი, როგორ და რა პრინციპით მივდივართ, ესაა მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა.

შესაბამისად, ქვეყნებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე, ერთი მხრივ, გაიმიჯნება ყველა ის კრიტერიუმი, როგორ უნდა ჩამოვიდეს საერთაშორისო ვიზიტორი ჩვენს ქვეყანაში. აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველო მზად არის სრულად და მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა ის რეგულაციები, რომლებიც შეეხება განთავსების ობიექტებს, კვების ობიექტებს, ტურისტულ ტრანსპორტს, ტურისტულ გიდს, ისევე როგორც შოპინგმოლებს, ასევე სხვა მიმართულებებს, რომლებიც შეიძლება იყოს საერთაშორისო მოგზაურის მიერ გამოყენებული.

აქვე განგიმარტავთ, რომ საქართველში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტი სრულად ადაპტირდება ყოველდღიურ რეჟიმში იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომლებიც მნიშვნელოვანია პრევენციისთვის. ამიტომ იქნება იმდენად ბევრი ფილტრი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტისთვის, რომ დავრჩეთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა და არ შევქმნათ დამატებითი ბარიერები ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებითვის.

ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით გადაზღვეული და ჩვენი ქვეყანა აგრძელებს, იყოს უსაფრთხო ყველა კრიტერიუმით. მოლაპარაკებები გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ თვალ-ყური ვადევნოთ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, ეპიდმდგომარეობა მუდმივად და ყოველდღიურად ცვალებადია. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი, მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა. ჩვენთვის ისევე როგორც ბევრი ქვეყნისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, როდესაც ჩვენ ვსაზღვრავთ ქვეყნების ჩამონათვალს. აქედან გამომდინარე, მუდმივ რეჟიმში ახლდება ჩამონათვალი ე.წ მწვანე ქვეყნების“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკება ისრაელთან. ქვრივიშვილი ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, ისრაელი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვისთანაც განახლდება საჰაერო მიმოსვლა, მათ შორის, აღდგება ტურისტული ნაკადების მიმოსვლა.

„არ გავასწროთ მოვლენებს, ევროკავშირის ქვეყნებთან ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ევროკავშირის ქვეყნებიც ივლისის დასაწყისში ელოდებიან ევროკავშირის ძირითად რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მესამე ქვეყნებთან გახსნა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები