ნათია თურნავა: “ფრონტერას“ განცხადებებს ყოველთვის საერთაშორისო ნორმების დაცვით ვპასუხობთ, მოვუწოდებთ მას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დროულად შეასრულოს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კომპანია „ფრონტერას“ მოუწოდებს, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროოს.
მინისტრი კომპანია „ფრონტერას“ მოუწოდებს, დროულად შეასრულოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
„პასუხი ძალიან მარტივია. ჩვენ კომპანია „ფრონტერას“ მხრიდან მსგავს განცხადებებს ყოველთვის ვპასუხობთ სრული სიმშვიდით, ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. არასოდეს გამოვირჩეოდით ზედმეტი რიტორიკით ამ მიმართულებით და თავს ვიკავებდით, რადგან მიმდინარეობდა საერთაშორისო არბიტრაჟი.
საერთაშორისო არბიტრაჟი დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, დროულად შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა. თუკი გაქვთ სურვილი, მეტი ინფორმაცია და საბოლოო სიმართლე შეიტყოთ ამის შესხებ, ერთად მოვუწოდოთ კომპანია „ფრონტერას“, გაასაჯაროოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.