სოლომონ პავლიაშვილი: საექსპორტო პროდუქციაზე ყველა დოკუმენტი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გაიცემა, მანქანების გადაადგილება გაკონტროლდება
“საექსპორტო პროდუქციაზე ყველა დოკუმენტი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გაიცემა, მანქანების გადაადგილება გაკონტროლდება”, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტში ყოფნისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა მოსავლის აღება, ჩაბარება და რეალიზაცია შეუფერხებლად შეძლონ.
„წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარტოფილის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 35 000 ტონაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა მოსავლის აღება, ჩაბარება და რეალიზაცია შეუფერხებლად შეძლონ. სადისტრიბუციო პუნქტის გასახსნელად შევარჩიეთ სოფელი ნახიდური, რადგან ლოგისტიკის თვალსაზრისით მისაღებია მიმდებარე სოფლებისთვის. აქ განთავსდება მანქანები, რომლებიც საექსპორტო პროდუქციით დაიტვირთება. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლების ნაკვეთებსა და ბაღებში მოძრაობა შევზღუდოთ. საექსპორტო პროდუქციაზე ყველა დოკუმენტი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გაიცემა. მანქანების გადაადგილება გაკონტროლდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სადისტრიბუციო პუნქტი ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში კარტოფილის უსაფრთხო და შეუფერხებელი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით გაიხსნა. სადისტრიბუციო პუნქტში გადამზიდი მანქანების უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლები პროდუქტის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის აღებას ადგილზე, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეძლებენ.