ვინ დატოვა გლდანის ხევის 6 ნომერში ახალშობილი, რომელიც 2 ივნისის დილას მეეზოვემ გარდაცვლილი იპოვა, – ამის შესახებ გამოძიებას ჯერ – ჯერობით პასუხი არ აქვს

ჰყავს, თუ არა გამოძიებას ბრალდებული, ამ კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროში „საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე“, არ პასუხობენ. როგორც უწყებაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან,  „უნდა დაველოდოთ გამოძიებას“.

2 ივნისის საღამოს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც გლდანის ხევის 6 ნომერში მცხოვრებ მეზობლებსა და არასრულწლოვან რესპონდენტებს ეყრდნობოდა, “ჩვილი, სავარაუდოდ, იმავე კორპუსში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა ბინაში გააჩინა და ის მეექვსე სართულიდან გადმოაგდო”. მეტიც, ამავე ტელეკომპანიის ინფორმაციით, რომელიც ჟურნალისტს ეზოში მოთამაშე არასრულწლოვანმა რესპონდენტებმა მიაწოდეს, ჩვილის გვამი ადგილზე მისულმა პოლიციელებმა „ლურჯ პარკში გაახვიეს და ნაგვის ურნაში დატოვეს, რომელიც მერე ნაგვის მანქანამ წაიღო“.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გვამი ექსპერტიზაზე სტანდარტების სრული დაცვით გადაასვენეს.

რაც შეეხება არასრულწლოვან გოგოს, ტელეკომპანიის ცნობით, რომელიც ასევე მეზობლების ნათქვამს ეყრდნობოდა, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუმარტავენ, არასრულწლოვანი 2 ივნისს პოლიციაში მოწმის სახით, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად გამოიკითხა, ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები და ამჟამად ის სახლში იმყოფება. დამატებით დეტალებს შსს-ში ისევ და ისევ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები