იურისტი: თუ გამოძიებით დადგინდება, რომ ჩვილი არასრულწლოვანმა დედამ მოკლა, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ხომ არ იყო თავად დედა ძალადობის მსხვერპლი

თუკი გამოძიებით დადგინდება, რომ ჩვილი არასრულწლოვანმა დედამ მოკლა, იურისტი ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში სასამართლომ არაერთი გარემოება უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის ისიც, ხომ არ იყო თავად არასრულწლოვანი ძალადობის მსხვერპლი.

„გამოძიებამ უნდა იკვლიოს, ვინ არის ჩვილის მამა, ხომ არ იყო მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, იყო თუ არა ბავშვი აღრიცხვაზე სამედიცინო დაწესებულებაში, ჰქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას, აუცილებლად უნდა შეფასდეს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, – აცხადებს ანა თავხელიძე.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 112–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებული არასრულწლოვანია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუკი მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები